English / ქართული /








Journal number 4 ∘ Gia Beridze
Transfer Pricing Challenges in Georgia

This article is the first try about Transfer pricing challenges in Georgia. The article deals with the importance of a tax-economical issue of Transfer pricing, as well as analysis of Transfer pricing issues and risks in Georgia, current problems, challenges and ways to deal with them.

Keywords: Transfer Pricing in Georgia; International Taxation; Tax Changes in Georgia.

სატრანსფერო ფასწარმოქმნის გამოწვევები საქართველოში

საქართველოში სატრანსფერო ფასწარმოქმნის პრობლემებთან დაკავშირებით წინამდებარე სტატია პირველია. მასში განხილულია სატრანსფერო ფასწარმოქმნის როგორც საგადასახადო-ეკონომიკური საკითხის მნიშვნელობა, ასევე გაანალიზებულია საქართველოში სატრანსფერო ფასწარმოქმნის რისკები, მასთან დაკავშირებული სხვა არსებული პრობლემები და გამოწვევები, შემოთავაზებულია მათი გადაჭრის ზოგიერთი წინადადება.

 საკვანძო სიტყვები: ტრანსფერფრაიზინგი; სატრანსფერო ფასწარმოქმნა; სატრანსფერო ფასწარმოქმნის რისკები; საერთაშორისო დაბეგვრა.

ტრანსფერფრაიზინგის არსი და მნიშვნელობა

ეკონომიკის თავისუფლება დაგლობალიზაცია იწვევს მულტინალაციონალური კომპანიების ზრდას. 2014 წლისათვის მულტინაციონალური კომპანიების წილი მსოფლიოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 35%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამ ციფრის ნახევარი განვითარებად ქვეყნებზე მოდის [1, გვ. 7].

ახალ ბაზრებზე შესვლა კომპანიებისთვის ნიშნავს ფილიალების, შვილობილი კომპანიების, წარმომადგენლობების გახსნას, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ იმართება და კონტროლდება სათაო ოფისებიდან. ამ ოფისებსა და სხვადასხვა სახელმწიფოში არსებულ ჯგუფებს შორის ბიზნეს-გარიგებები ქმნიან მნიშვნელოვან წილს საერთაშორისო ვაჭრობასა და მომსახურებაში.

ერთ ქუდქვეშ არსებულ კომპანიებს შორის ბიზნეს-გარიგებების ფასს, საგადასახადო ენაზე, ჰქვია სატრანსფერო ფასი (transfer prices), რომელიც შეიძლება არ იყოს საბაზრო ფასი („გაშლილი ხელის პრინციპით“ დადგენილი ფასი). ამ ფასით საგადასახადო შეღავათს იღებენ ბიზნესის მფლობელები, ხოლო ის ქვეყნები, სადაც ეს კომპანიები მუშაობენ - საგადასახადო შემოსავლების დანაკლისს.

ტრანსფერფრაიზინგი ბოლო 2-3 ათწლეულის ყველაზე მწვავე საერთაშორისო საგადასახადო რისკპრობლემაა მსოფლიოში. 1994 წლიდან 2014 წლამდე ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც ტრანსფერფრაიზინგი ასახეს კანონდმებლობაში, 4-დან 80- მდე გაიზარდა [1, გვ. 6] .

სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიდგომები მხოლოდ მულტინაციონალურ კომპანიებს არ მოიცავს, ის შეიძლება მოიცავდეს ასევე ბიზნეს-გარიგებებს ნათესავებს, ოფშორულ კომპანიებს და სხვა ურთიერთდამოკიდებულ (საგადასახადო კოდექსის მიხედვით) მხარეებს შორის, რომელთა ნათესაურმა თუ სხვა ახლო კავშირმა საბაზრო ფასზე შეიძლება გავლენა მოახდინოს.

კომპანიების გარიგებებში საბაზრო ფასის გამოუყენებლობა იწვევს საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას ამა თუ იმ ფორმით: საბაჟო მოსაკრებლების და გადასახადების შემცირება, მოგების (დივიდენდის) შემცირება, ვალუტის კურსით გამოწვეული მოგება-ზარალით მანევრირება სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობის გზით, მოგების ერთი ქვეყნიდან მეორეში „გადაქაჩვით“ და ა.შ.

შესაბამისად, ტრანსფერფრაიზინგი გავლენას ახდენს როგორც საგადასახადო შემოსავლებზე, ასევე ინვესტიციებზე დაკონკურენციის დონეზე, რადგან, არათანაბარ პირობებში ვარდებიან კომპანიები, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს.

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ სატრანსფერო ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დანერგვამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოგების ერთი ქვეყნიდან სხვაგან გადატანის შესამცირებლად და ქვეყნების საგადასახადო შემოსავლების ზრდის კუთხით [1, გვ. 2].

ტრანსფერფრაიზინგთან დაკაშირებით ქართულ ენაზე ჯერ არ გამოქვეყნებულა კვლევითი ან/და ანალიტიკური ტიპის ნაშრომი, შესაბამისად, მოცემული თემა აქტუალურია.

 ქართული გამოცდილება

საქართველოს მიერ საკანონმდებლო ბაზის ფორმირება ტრანსფერფრაიზინგის მიმართულებით და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მნიშვნელოვანი სიახლეა მსხვილი და საშუალო ქართული ბიზნესისთვის,

საქართველოს საგადასახადო კოდექსი 2012 წლიდან ითვალისწინებს ტრანსფერფრაიზინგს. კოდექსის XVII თავით და ფინანსთა მინისტრის 2013 წლის №423 ბრძანებით დადგენილია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების (ტრანსფერფრაიზინგის) შეფასების ზოგადი პრინციპები, შეფასების მეთოდები და ასეთ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება.

კანონმდებლობით განისაზღვრა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები და მასი გამოყენება, დამოუკიდებელი ოპერაციების შედარებადობის განსაზღვრა, ოპერაციის კორექტირების განხორციელების წესი, ოპერაციის მხარეთა მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარსადგენი ინფორმაცია, დოკუმენტთა ნუსხა, საბაზრო ფასების ინფორმაციის წყაროები, კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ჩაითვლება საბაზრო ფასად, პროცედურები საერთაშორისო კონტროლირებულ ოპე- რაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებებისა და ორმაგი ეკონომიკური დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად, ფასების დიაპაზონის გამოყენების წესი, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მიზნებისთვის გამოსაყენებელი ვადები და სხვა პროცედურული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანის და სომხეთის კანონდმდებლობაში არ არის ასახული სატრანსფერო ფასწარმოქმნის მექანიზმები.

ტრასნფერფრაიზინგის მაგალითს წარმოადგენს საქართველოში არსებული კომპანიის მიერ აღებული სესხი დედა-კომპანიისგან (ურთიერთდამოკიდებული პირისგან), რომელიც საქართველოში არ მდებარეობს, მხარეები ხელშეკრულებაში აფიქსირებენ საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე მაღალ განაკვეთს. პროცენტის გადამხდელი მხარისთვის სარგებელია ის, რომ ხარჯებში იმაზე მეტს გამოიქვითავს, ვიდრე ეკუთვნის, ხოლო ახალი მოგების გადასახადის წესებით (ესტონური მოდელი) შეიმცირებს გასანაწილებელ მოგებას, მიმღები კომპანია ღებულობს საპროცენტო შემოსავალს, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში მოგების გადასახადით უნდა დაბეგრილიყო (15%), ან მაგალითად, საქართველოს კომპანია ყიდულობს საქონელს ოფშორული კომპანიისგან, რომელიც არ იხდის გადასახადებს და საქონლის გაყიდვის დოკუმენტებში შეუძლია საბაზრო ფასზე მეტი ჩაწეროს, აღნიშნული იწვევს საქართველოს კომპანიის ხარჯების ზრდას და მოგების მარჟის შემცირებას. საბაზრო ფასის დადგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსიც აპრობირებულ ხუთ მეთოდს იყენებს. ესენია: შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი; გადაყიდვის ფასის მეთოდი; ფასნამატის მეთოდი; ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი და ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი.კომპანიის მიერ საბაზრო ფასით მისაღები შემოსავლების და ხარჯების დასადგენად ტრანსფერფრაიზინგი იყენებს სტატისტიკურ მეთოდებს და ეყრდნობა სხვადასხვა ფინანსურ მაჩვენებლის როგორიცაა ROA, ROCE, EBIT, FCM, Berry Ratio.

ტრანსფერფრაიზინგი, როგორც დარგის სპეციალისტები უწოდებენ, უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება, რადგან ტრანფერფრაიზინგით თეორიულად შესაძლებელია მულტინაციონალურმა კომპანიებმა და საგადასახადო ორგანოებმა უსასრულოდ იდავონ საბაზრო ფასის ზღვარზე. თუმცა, ტრანსფერფრაიზინგის ასახვა კანონმდებლობაში, უკვე სიგნალია მულტინაციონალური და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ ისინი ვერ გაექცევიან კანონით გათვალისწინებულ, მსოფლიოში აპრობირებულ მოდელს, ვერ მოახდენენ საბაზრო გარიგებებში ფასის შემცირებით საგადასახადო ბაზის ეროზიას.

გარდა აღნიშნულისა, რჩება გამოწვევები როგორც ბიზნესის, საკონსულტაციო კომპანიების, ასევე საგადასახადო და დავის განმხილველი სასამართლო ორგანოებისთვის, რაც დაკავშირებულია სიახლესთან: მხარეები საჭიროებენ სათანადო პროფესიულ მომზადებას დარგში და ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრებას, ისე, რომ ჯერ ერთი მხრივ, არ დაზიანდეს ბიზნესი და მეორე მხრივ – საგადასახადო ბაზა.

საგადასახადო ორგანოებმა უნდა დაიცვან საგადასახადო ბაზა და შემოსავლები,ხოლო მულტინაციონალურმა კომპანიებმა თავი აარიდონ ორმაგ დაბეგრვას და ჰქონდეთ მკაფიოდ გაწერილი წესები.

ამასთან, მალე ამოქმედდება სატრანსფერო ფასწარმოქმნის წინასწარი შეთანხმების ფასიანი მექანიზმი, რომლის საფუძველზე, ბიზნესს უფლება ექნება, მიმართოს შემოსავლების სამსახურს და წინასწარ განსაზღვროს კრიტერიუმები ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, და იცოდეს საბაზრო ფასის დიაპაზონი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნეს რიკსებს.

გამოწვევად რჩება ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რათა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა მათში სატრანსფერო ანგარიშების (Cbc) შესახებ. ქვეყნების სატრანსფერო ანგარიშების წარდგენა ითვალისწინებს იმ მულტინაციონალური კომპანიების მიერ სპეციალური ანგარიშის წარდგენას, რომელთა წლიური ბრუნვა 750 მლნ ევროზე მეტია. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა სატრანსფერო ფასწარმოქმნის განვითარებისა და გადასახადების გადახდის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანაგარიშგების მთავარი მიზანი საგადასახადო ადმინისტრაციებისათვის ყველაზე მსხვილი მულტინაციონალური კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საგადასახადო რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ქვეყნების სატრანსფერო ანგარიშგების მუშაობის მოდელი შემდეგია: ჯგუფის საბოლოო მფლობელი - დედა -კომპანია (Ultimate Parent Entity) ამზადებს შესაბამის ანგარიშს და გზავნის თავისი საგადასახადო რეზიდენტობის მიხედვით, საგადასახადო ადმინისტრაციაში. აღნიშნული საგადასახადო ადმინისტრაცია, ავტომატურად გაცვლის ანგარიშს იმ ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციებთან, რომლებიც მითითებულია ანგარიშში, როგორც ადგილი, სადაც ჯგუფს ჰყავს საგადასახადო მიზნებისთვის რეზიდენტი შემადგენელი კომპანია (Constituent Entity). აღნიშნული ინფორმაციის გაცვლა მყოფი შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

სატრანსფერო ანგარიში და შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებები განსაზღვრავს მნიშვნელოვან დებულებებს, რომლებიც შეეხება ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მნიშვნელოვანია ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა და ანგარიშების გამოყენება მხოლოდ ნებადართული მიზნებისთვის. OECD-ს სტანდარტის მიხედვით, ქვეყნების ანგარიშების გამოყე- ნება ნებადართულია მხოლოდ სატრანსფერო ფასწარმოქმნის მაღალი რისკების შეფასების მიზნისათვის, სხვა საგადასახადო რისკების და რიგ შემთხვევაში ეკო- ნომიკური და სტატისტიკური ანალიზისათვის. იგივე სტანდარტი მოითხოვს არ მოხდეს ანგარიშების გამოყენება ინდივიდუალური ტრანზაქციების ტრანსფერული ფასწარმოქმნის დეტალური ანალიზის ნაცვლად. ანგარიშში ასახული ინფორმაცია დამოუკიდებლად არ წარმოადგენს დასკვნით მტკიცებულებას იმის შესაფასებლად, შესაბამისია თუ არა „გაშლილი ხელის პრინციპის“გარიგების ფასები.

ქვეყნების სატრანსფერო ანაგრიშის (Country-by country reporting) პროცესში ჩართვისათვის, ინფორმაციის მიღებისა და გაცემისათვის, საჭიროა ქვეყანამ ხელი მოაწეროს შესაბამის სამართლებრივ ინსტრუმენტებს (ხელშეკრულებებს) და შიდა კანონმდებლობაში დანერგოს შესაბამისი ცვლილებები (domestic legal and administrative framework).

2016 წლის ივნისში საქართველომ ხელი მოაწერა მრავალმხრივ შეთანხმებას ქვეყნების სატრანსფერო ანგარიშების გაცვლასთან დაკავშირებით (Multilateral Competent Authority Agreement).

ძალაშია ასევე საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება მრავალ ქვეყანასთან. შემდეგი ეტაპი იქნება შიდა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების დანერგვა, რომლითაც საქართველოში არსებულ 750 მლნ ევროზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე მულტინაციონალურ კომპანიებს დაეკისრებათ ყოველწლიურად სპეციალური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება კომპეტენტურ საგადასახადო ადმინისტრაციაში.

სანამ საქართველოში აარ დაინერგება და არ ვიქნებით ინფორმაციის მიმწოდებლები, დანარჩენ ქვეყნებს არ ექნებათ სამართლებრივი ვალდებულება მოგვაწოდონ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

მთავარ გამოწვევად რჩება სატრანსფერო ფასწარმოქმნის რისკების დადგენა. ბიზნესმა და საგადასახადო ორგანოებმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის ძირითადი ოპერაციები, რომლებიც იწვევს სატრანსფერო ფასწარმოქმნის რისკებს (იხ. სქემა).

სატრანსფერო ფასწარმოქმნის რისკები [5, გვ.25]

სქემა 1

დასკვნები და წინადადებები

ამრიგად, სატრანსფერო ფასწარმოქმნის ოპერაციები მნიშვნელოვანია ეკნომიკური თვალსაზრისით, რადგან ურთიერთდამოკიდებულ ბიზნეს-სუბიექტებს შორის გარიგებების „გაშლილი ხელის პრინციპით“ დადება ხელს უწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას, ამასთან, იმ პირობებში, როცა საქართველოში საგადასახადო ტვირთი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საკამოდ დაბალია, სატრანსფერო ფასწარმოქმნის პოლიტიკა მნიშვნელოვანია საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციისა და საგადასახადო კულტურის ასამაღლებლად.

სატრანსფერო რისკების დადგენისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს მაღალი რიკსების მქონე ბიზნეს-ტრანზაქციების იდენტიფიცირება ქართულ სინამდვილეში, მსგავსი ოპერაციები შეიძლება იყოს ფინანსური ტრანზაქციები და ბიზნეს-სუბიექტებს შორის შიდაჯგუფური მომსახურებები.

ბიზნეს-ტრანზაქციების შესაფასებლად და შესადარებლების მოსაძიებლად საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ანალიტიკურ და მონაცემთა ბაზებთან წვდომის ყიდვა (AMADEUS, BLOOMBERG, THOMSON REUTERS), რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული.

საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან, გადასახადის გადამხდელებთან საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებზე მუშაობა, აღნიშნული მიმართულებით მათი ცოდნის დონის და საგადასახადო კულტურის ამაღლება,რადგან ტრანსფერფრაიზინგი არ არის ზუსტი მეცნიერება [2,გვ.38], შესაბამისად, ნებისმიერ სატრანსფერო ფასწარმოქმნის ოპერაციამ შეიძლება ბიზნეს - რისკი შეუქმნას კომპანიებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია კერძო საკონსულტაციო აუდიტური და სახელმწიფო სექტორის თანაშრომლობა საერთო პრაქტიკის და მიდგომების დანერგვისთვის.

მოგების ესტონური საგადასახადო მოდელის მიხედვით, საანგარიშო პერიოდი არის თვე, შესაბამისად საჭიროა სატრანსფერო ფასწარმოქმნით გამოწვეული სხვაობის დაბეგვრის რომელიმე საანგარიშო პერიოდთან მიკუთვნება და შესაბამისი ნორმატიული ცვლილებები, სიტუაციური სახელმძღვანელოების (ე.წ მენუალები) შედგენა [3,გვ. 158].

ბიზნესის საიმედოობის ამაღლებისა და რიკების შესამცირებლად საჭიროა სატრანსფერო ფასწარმოქმნის წინასწარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაწყება. ვინაიდან, განხილული სფერო ცოდნატევადია და მრავალმხრივი ანალიზის უნარს მოითხოვს, როგორიცაა, ეკონომიკის, ფინანსური ინსტრუმენტების, სტატისტიკის, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის ცოდნა, სახელმწიფო მოხელეების და სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი ანაზღაურება.

ქვეყნების სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტების გაცვლასთან დაკავშირებით, სანამ საქართველოში არ დაინერგება საკანონმდებლო ცვლილებები დანერგვა და არ ვიქნებით ინფორმაციის მიმწოდებლები, დანარჩენ ქვეყნებს არ ექნებათ სამართლებრივი ვალდებულება მოგვაწოდონ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველომ უნდა დააჩქაროს შიდა კანონდმებლობის დახვეწა ამ მიმართულებით.

ლიტერატურა:

1. Cooper J., Fox R., Loeprick J., Mohindra K -Transfer Pricing and Developing Economies, Washington, International Bank for Reconstruction and Development, 2016;https:// openknowledge.worldbank.org/handle/10986/25095.

2. OECD, OECD Transfer Pricing Guidelines for Multinational Enterprises and Tax Administrations 2017, Paris, OECD Publishing, 2017.http://dx.doi.org/10.1787/tpg- 2017-en.

3. ბერიძე გ., Ⴑაგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი და მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2017, №1, გვ.152-161.